ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
“რომ მცოდნოდა ასეთ ტერორში იქნებოდა ჩემი ოჯახი და ასეთ პირობებში ჩატარდებოდა არჩევნები სულ ვაჩუქებდი ხმებს,” – ეს კომენტარი ნინოწმინდა-ახალქალქის დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა ჩვენთან საუბარში გააკეთა. თუმცა აქვე დაამატა, რომ თუ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება მონაწილეობას კიდევ მიიღებს, რადგან “ბრძოლა ბოლომდე უყვარს.”
მკოიანმა არჩევნების შემდეგ პირველი ვრცელი კომენტარი ჩვენთან გააკეთა და თქვა, რომ მისი ოჯახის და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა.
“მეორე ადგილზე გავედი. თავს დამარცხებულად არ ვთვლი, მიუხედავად იმ ზეწოლების, მუქარებისა რაც ხორციელდებოდა ჩემსა და ჩემს ოჯახის წევრებზე, რომელიც ახლა მკურნალობას გადიან. ჩემი შვილი რომ გადიოდა სახლიდან პატრული დაჰყვებოდა და ერთხელ ციმციმას არ ჩართვის გამოც კი დაუწერეს ჯარიმა. ჩემს შტაბში ვინც დადიოდა მაგათზე უკვე აღარ მაქვს საუბარი,” – გვითხრა მკოიანმა.
რაც შეეხება მკოიანის ძმის მანქანის აფეთქების საკითხს, დეპუტატი გვეუბნება, რომ გამოძიებით უკმაყოფილოა. “ძალიან ნელა და არანაყოფიერად მიმდინარეობს გამოძიება. 100 000 დოლარიანი მანქანასაც კი არ გვატანენ. ექსპერტიზის პასუხებს ველოდებითო იმიზეზებენ.”
“ქართული ოცნების” დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მანქანა 21 აგვისტოს ააფეთქეს. როგორც მაშინ მკოიანმა გვითხრა, “აფეთქება მისთვის იყო განკუთვნილი .” ამ საქმეზე შსს-ში გამოძიება სსკ-ს 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
ასევე მოქმედი დეპუტატის სახელს უკავშირდება გახმაურებული ინციდენტი, როცა ის ახალქალაქის ქუჩებში იარაღით ხელში გადაადგილდებოდა.
ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ენზელ მკოიანმა, რომელიც ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს ხმების 20,04 % (6 202 ხმა) მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა.
იგივე წყაროს მონაცემებით რეგიონში ხმათა რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი. აქ მან ხმების 61,48 % მიიღო.