არსებული პოლიტიკური პროცესების შეფასება, ჯანდაცვის სისტემის მზაობა და მეორე ტალღის ტენდენციები, რაზე დაიხარჯება 2021 წლის ბიუჯეტი – რა არ უნდა გამოგრჩეთ 12 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომიდან.
პანდემიის მართვის საკითხებამდე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური გზავნილებით დაიწყო. “დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება” – თქვა გიორგი გახარიამ.
ოპოზიციაზე ისაუბრა დღეს ფინანსთა მინისტრმაც StopCov-ის ტრიბუნიდან და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცების ხათრით მაინც უნდა შევიდნენ. ივანე მაჭავარიანის თქმით, “პირობები დააყენო და თქვა, რომ დიალოგია, ეს ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის”.
ოპოზიციური პარტიები და ბლოკები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მოიპოვეს, 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო ბოლომდე სწორად შეფასებული და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებსაც “უჭირთ ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან გამკლავება”. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანა მიჰყვება წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, თუმცა ჯანდაცვის სისტემა როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის.
ყოველდღიურად მოსახლეობის მხრიდან დიდი რაოდენობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის რესურსი არასაკმარისია: საავადმყოფოები ვერ იღებენ კოვიდპაციენტებს, რიგებია ტესტირებაზე, გადატვირთულია სასწრაფოები, ოჯახის ექიმები პაციენტების რაოდენობას ვერ აუდიან.
ფინანსთა მინისტრმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯებზეც ისაუბრა, რომლის თქმითაც დოკუმენტში გაწერილი იქნება კარანტინის, მკურნალობის, ტესტირების და სავარაუდოდ ვაქცინის ხარჯებიც.
ავტორი: ანა არევაძე.