მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ იგი ფეისბუქ პოსტში წერს. იგი განცხადებაში გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ 13 წლიანი საქმიანობის შემდეგ საჯარო სამსახურს ტოვებს.
„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.
მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია“ – წერს იგი ფეისბუქზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოსტში განსაკუთრებულ მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უხდის.
მეზვრიშვილი პრემიერის აპარატის უფროსად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის იმდროინდელი შს მინისტრის მოადგილე იყო. მოადგილედ ის 2017 წელს დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2019 წლის სექტემბრამდე იმუშავა.
ნათია მეზვრიშვილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრიც იყო. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის კავშირში ნათია მეზვრიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მის საქმიანობასთან საკოორდინაცი საბჭოში და არის თუ არა კიდევ სხვა ცვლილებები მოსალოდნელი საბჭოში? ჩვენ ამ კითხვების მთავრობის ადმინისტრაციას მივწერეთ, თუმცა მათ საპასუხოდ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მეზვრიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუზველზე დატოვა.