საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ღონისძიებების მიზანი ეპიდემიის ზრდის სისწრაფის შეჩერებაა. მისი თქმით, სიტუაცია არ არის მარტივი, თუმცა არის მართვადი. როგორც გამოსვლისას მან აღნიშნა, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ ორთვიანი შეზღუდვების გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრები ასეულებამდე ან ათეულებამდე შემცირდება.
მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, საქართველო პანდემიის მართვის კუთხით დაუბრუნდეს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც იყო აგვისტომდე.
„ეს ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ ორთვიანი გეგმით, ორთვიანი ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე რამაც თავის მხრივ, ეფექტურად და ბუნებრივად უნდა შეამციროს ტრაგიკული და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა.