ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში გასული 1 თვის განმავლობაში (01-30 ნოემბერი) ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში სულ საქართველოში 109 ფაქტია გამოვლენილი, რომელთაგან 3 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამავე წყაროს მიხედვით, იგივე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი.
“ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 45 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, იმერეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 10, შიდა ქართლში – 6, აჭარაშიც -6, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 5, გურიაში – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა,” – აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოს დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 294 მ3-მდე ხე-ტყე და ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.