ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი, ოპოზიციის პროტესტი მიუხედავად ერთპარტიულად შეუდგა უფლებამოსილებების განხორციელებას. საკუთარი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში დაიკავეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა სამცხე-ჯავახეთიდან.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ისინი პირველ კომენტარებს აკეთებენ.
ჯავახეთის დეპუტატი, სამველ მანუკიანი ამბობს, რომ მისთვის პარლამენტი ოპოზიციური პარტიების გარეშე დისკომფორტს არ წარმოადგენს.
“გუნდისთვის არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. ესენი ოპოზიცია კი არა პროვოკატორები არიან, რატომ გადაწყვიტეს, რომ მათ გამო უნდა ჩატარებულიყო ხელმეორედ არჩევნები?” – ამბობს მანუკიანი.
რაც შეეხება სამცხის დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს გვეუბნება, რომ დემოკრატიული პარლამენტისთვის უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა პარლამენტში, თუმცა ამბობს, რომ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია.
“რა თქმა უნდა დემოკრატისთვის კარგი იქნებოდა ოპოზიცია თუ იქნებოდნენ წარმოდგენილები პარლამენტში, თუმცა ჩვეულებრივ ჩაიარა სამუშაო დღემ. ჯერ ამ ეტაპზე საორგანიზაციო საკითხები გავიარეთ,” – გვეუბნება ობოლაშილი.
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების საპროესტო აქციები მიმდინარეობდა.