კანონპროექტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ

December 17, 2020

კანონპროექტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, პარლამენტში ინიციატივის წესით კანონპროექტების პაკეტი შევიდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დოკუმენტი, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უარი საპარლამენტო საქმიანობაზე დაფინანსების, საეთერო დროისა და ხელფასის შეჩერებას გამოიწვევს. 

„საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია შემდეგი არჩევნებიდან გაუუქმდება. კობახიძის შეფასებით,, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა. მისივე თქმით, კანონპროექტების პაკეტს, პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია კობახიძის ინიციატივას მიუღებელს უწოდებს როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად. 

“ერთგვარი მცდელობაა, იმისა რომ, მოხდეს იმ პოლიტიკური პარტიების დასჯა, რომლებიც ვინ პარლამენტში არ შევიდა და მანდატზე უარის მოთხოვნით განცხადება დაწერა. ფაქტობრივად, უკუძალა ექნება ამ კანონპროექტს. რა ფორმულირებითაც არ უნდა ჩაიწეროს, ეს არის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს ნიშნავს, იმას, რომ მომავალში კანონის მიღებით უკუძალა გავრცელდება ამ ქმედებებზე. ძალიან მძიმეა, როცა ერთპიროვნულად მიიღება გადაწყვეტილებები მსგავს პოლიტიკურ საკითხებზე”

​საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი  ოპოზიციის გარეშე 11 დეკემბერს შეიკრიბა. პირველ სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ.

ამ დროისთვის მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართეს „ლეიბორისტული პარტიის”, „ევროპული საქართველოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის”, „ლელოს“ და ენმ – „ძალა ერთობაშია”-ს სიებით არჩეულმა დეპუტატებმა.