განახევრდეს სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი პანდემიის დროს, აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი – დღეს მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა. ისინი სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანასთან დაკავშირებით მიმართავენ.
სტუდენტები პანდემიის დროს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ – გვეუბნება პროგრესის ცენტრის თავმჯდომარე.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც მხოლოდ წერილობითი პასუხით შემოიფარგლნენ და გვითხრეს, რომ სწავლის გადასახადთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მხოლოდ სტუდენტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის არსებული ხელშეკრულებით რეგულირდება. სტუდენტები კი თვლიან, რომ უწყება თავს არიდებს პრობლემას, რადგან შესაბამისი ბერკეტი არ აქვს მის მოსაგვარებლად. ანა დოლიძის კი ამბობს, რომ ეს გულგრილობა და არაკომპეტენტურობაა სამინისტროს მხრიდან.
პანდემიის პირობებში სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის განახევრებასთან დაკავშირებით შექმნილ პეტიციას ამ დროისთვის 9 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.