“ქმედება ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენის მცდელობას ემსახურება”- ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საბანკო ბარათების მომსახურებას ორი თურქული ბანკი იწყებს.
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში ე.წ ეროვნული ბანკი სახელწოდებით APRA(აფრა) ფუნქციონირებს. უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ბარათი აფრა იგივეა, რაც რუსული საგადასახადო ბარათი “МИР.
“ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მას სახელწოდება “აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი.” – წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ “რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული “МИР”-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.”
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, მათ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ თურქ პარტნიორებთან. უწყებაში ირწმუნებიან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.
“ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით.”
ცნობა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ადგილობრივი ე.წ ეროვნული ბანკის (APRA) «World» ბარათების მომსახურება დაიწყო აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. საუბარია Is Bank-სა და Ziraat Bank-ზე. ამ ბანკებს ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ.