ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი რამდენიმე ოჯახს უკვე მეორე დღეა არ მიეწოდება.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ გაზკომპანია “ინტერგაზში” დავრეკეთ. კითხვაზე თუ რამდენ ოჯახს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და აღმოიფხვრება თუ არა დღეს პრობლემა არ გვიპასუხეს. თუმცა აფეთქების ადგილზე მომუშავე ჯგუფის თქმით გაზის მიწოდება შესაძლოა დღეს ვერ მოხერხდეს.
რაც შეეხება “ენერგო პრო ჯორჯიას”, კომპანიის წარმომადგენელის თქმით, აბონენტებისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება შესაძლოა დღეს გვიან მოხერხდეს, თუმცა რამდენ ოჯახს არ მიეწოდება მომსახურება ვერც აქ გვიკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მდებარე რესტორანი იმერეთი გუშინ აფეთქდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.
შსს-ში გამოძიება ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-10 წლამდე, ან სამი წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.