აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, გალის რაიონში 4 იანვრის ღამეს გაჩენილი ტყის ხანძარი, ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ადგილობრივი მედიასაშუალებამ Gal-Info გუშინ გაავრცელა. მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალას და 50-მდე მეხანძრეების რვა დანაყოფი მონაწილეობდა.
“ხანძრები მთლიანად დილით შვიდ საათამდე ჩააქრეს. მის მასშტაბზე და ზარალზე ვერაფერს ვიტყვი. დღეს შეიქმნება ზარალის დათვლის კომისია, ” – თქვა ემირ ეზუხბაიამ.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა სამი სახლი, თუმცა არავინ დაშავებულა.
ის, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია ადგილობრივი მოსახლეობა გუშინვე უარყოფდა. ორგანიზაცია democracy and freedom watch-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალელები უარყოფენ სოხუმის მტკიცებას, თითქოს რაიონში სამი სოფლის ევაკუირება მოხდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დახმარების მზაობის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს. ამის შესახებ ეცნობა დე ფაქტო მთავრობასაც.
„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – აცხადებენ სუს-ში.
რა პასუხი მიიღო ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობიდან, სუსში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხებს ვერ გაგვცემენ, დამატებით სიახლეებთან დაკავშირებით კი, მათივე თქმით, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
იმის გასარკვევად თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ გალში ჩვენ დაკავშირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ხანძარი 4 იანვრის ღამეს გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ის სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის კერები რამდენიმე სოფელშია.