ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
როგორც ანანიაშვილი მედიასთან ინტერვიუში ამბობს, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი კორონავირუსის პანდემიაა.
“ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია. გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში,” – განაცხადა ანანიაშვილმა.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მის გადაწყვეტილებას გააკრიტიკებენ.
„ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას.”
ანანიაშვილი პარალელურად უხელმძღვანელებს ქართულ საბალეტო დასსაც.
ანანიაშვილი ერთხელ უკვე გახდა საზოგადოების კრიტიკის ქვეშ, როდესაც 2016 წლის თებერვალში მოსკოვში, თავისი პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძეა, რომელმაც პარტია “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე კვირის წინ დატოვა. როგორც პრიმა ბალერინა ამბობს, გადაწყვეტილებებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ასევე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით იგი “პოლიტიკურ შეხედულებებს არ შეიცვლის.”