ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 6 875 900 ლარით განისაზღვრა. როგორც მერის პირველი მოადგილე, არსენ ბალახაშვილი გვეუბნება დამატებითი თანხა რამდენიმე დღეში განისაზღვრება (ცენტრალური მთავრობის ტრანსფერი).
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, სადაც ბიუჯეტი განიხილეს მედია და სამოქალაქო სექტორი არ დასწრებია. აღნიშნულს გვიდასტურებს საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუსხრიკიძეც და ამბობს, რომ სხდომები ანონსდება. რაც შეეხება მოქალაქეებს, ბუსხრიკიძე გვეუბნება, რომ განხილვის პროცესს მოქალაქეების ნაწილი დაესწრო.
“ჩვენ ვაანონსებთ ხოლმე და ვისაც უნდა მოვა. იმის ვალდებულება არ გვაქვს, რომ ვინმე მოვიწვიოთ. ჩვენი ვებ გვერდი პრობლემატურია, თუმცა სოციალურ ქსელებში ანონსდება სხდომები,” – გვითხრა ბუსხრიკიძემ.
ჩვენ დავინტერესდით რამდენად ანონსდება სოციალური ქსელის გამოყენებით საკრებულოს სხდომები, თუმცა ბიუჯეტის განხილვის სხდომა არც საკრებულოს და არც მერიის ფეისბუქ გვერდზეა დაანონსებული.
ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, სახელფასო ფონდში კლებაა. ამასთან დაკავშირებით მერის პირველი მოადგილე, არსენ ბალახაშვილი გვეუბნება, რომ 2021 წელს პრემია დანამატები არ გაიცემა.
“გასულ წელს ბიუჯეტში პრემია დანამატები იყო გათვალისწინებული, წელს არა და ამიტომ შემცირდა თანხა სახელფასო ფონდში.”