ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას “ჭადრაკის ენით” ეხმიანება და ივანიშვილს გროსმაისტერს უწოდებს. მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ქვეყანაში სტაბილურობის უმთავრესი გარანტად იქცა.
“ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა. ეს კომპლექსი მოძალადეებს დღემდე გამოყვათ და სწორედ ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილი მათი სიცრუის მანქანის მთავარი სამიზნე მთელი ამ წლების მანძილზე. თუმცა, მან საზოგადოებას აჩვენა იმის მაგალითი, რომ სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს სიცრუესა და ბოროტებაზე. “- წერს ირაკლი კობახიძე.
მისი აზრით, პოლიტიკიდან წასვლით ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ივანიშვილმა ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და ახალი კონსტიტუციური წესრიგი დაამკვიდრა.
“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის სერიოზული გამოწვევა როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. ბიძინა ივანიშვილი იყო სტაბილურობის უმთავრესი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ახლა, როდესაც მან მიიღო პოლიტიკის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე და თითოეულ ჩვენგანზე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე. სწორედ ამ საქმის დაგვირგვინება იქნება საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაზეც ოფიციალურ განაცხადს ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით 2024 წელს შეიტანს”
პარტიული თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს დილით გაავრცელა. მიზეზად ივანიშვილი იმას ასახელებს, რომ მისი „მისია შესრულებულია“.