პარლამენტმა მესამე მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. პარლამენტმა კანონი 83 ხმით დაამტკიცა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები ჩაიდინეს. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახში ძალადობა.
ავტორი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ამნისტია დაახლოებით 1 500 პატიმარს შეეხება.
იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამჟამად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამნისტიასთან დაკავშირებით 11 პატიმარი შიმშილობს.