ამიერიდან ლიეტუვაში ოფიციალურ დოკუმენტებში ნაცვლად Gruzija , Sakartvelo-ს გამოყენებენ. „ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო“, – უთხრა სააგენტო BNS-ს ლიტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა.
“გარდამავალი პერიოდი დაგვჭირდა იმის გასარკვევად, იღებდა თუ არა საზოგადოება ამ სახელს, ცხადია, მან ძალიან სწრაფად გაიდგა ფესვები. მე ვიწინასწარმეტყველე [რომ ამას დასჭირდებოდა] 20 წელი, მაგრამ ორი წელი დასჭირდა. ეს მართლაც მოულოდნელი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პროცესი დასრულებულიყო. საქართველო ოფიციალური სახელი ხდება”, – უთხრა ანტანაიტისმა BNS-ს.
სატელეფონო კომუნიკაციისას საკითხზე ისაუბრეს დავით ზალკანიანმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
“ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში „საქართველას“ საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება გახდა.” – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ 2018 წლის მაისში დაუშვა „საქართველას“, როგორც ქვეყნის მანამდე არსებული ოფიციალური სახელწოდების „გრუზია“-ს ალტერნატივა. ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად მიიღო.