“განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეცვლილი რეგულაციებით, მოლების გახსნა 1 თებერვლიდან იგეგმება.
„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სავაჭრო მოლების წარმომადგენლები 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გახსნას 15 დეკემბერს ითხოვდნენ, თუმცა ეს მხოლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მოახერხეს. სფეროში ჩართული ადამიანები საუბრობენ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოცხადებულმა ე.წ. ლოქდაუნმა, სავაჭრო სფერო სერიოზული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დააყენა. დღეს კი, მათივე თქმით, თანამშრომლებს ვეღარ ინარჩუნებენ. ჩვენთან საუბარში, სავაჭრო მოლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მთავრობასთან სამუშაო შეხვედრებს შედეგი არ აქვს, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები საბოლოოდ მათთვის მოულოდნელია.