“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების პარლამენტში შესვლა ერთპარტიულობის პრობლემას მაინც ვერ აგვარებს.” – ვკითხულობთ დემოკარტიის ინდექსის განცხადებაში. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ოპოზიცია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ვერ შექმნის ფრაქციას, რაც გამორიცხავს მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მთელი რიგი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას.
“ოპოზიციის მხოლოდ ოთხი დეპუტატის შესვლა ვერ მოაგვარებს ერთპარტიულობის პრობლემას საქართველოს პარლამენტში. ოპოზიცია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ვერ შექმნის ფრაქციას, რაც გამორიცხავს მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მთელი რიგი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ პარლამენტი დააკმაყოფილებს ოპოზიციის დანარჩენი წევრების მოთხოვნას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ოპოზიციის ოთხი დეპუტატის არსებობის პირობებშიც კი, პარლამენტი 94 წევრის შემადგენლობით კვლავ უუნარო იქნება განახორციელოს რიგი კონსტიტუციური პროცედურები” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, პარლამენტის მაგვარი შემადგენლობა ვერ შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ვერ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვერ გამოუცხადებს პრეზიდენტს იმპიჩმენტს და სხვა.
მათივე შეფასებით, ეფექტიანი ვერ იქნება საპარლამენტო დებატები, რადგან ოპოზიციონერ დეპუტატებს პოლიტიკური დებატებისთვის, ჯამურად, მხოლოდ 12 წუთი ექნებათ, ხოლო მმართველ გუნდს – 75 წუთი.
“საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის სცენარი”- ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში, პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მანვე ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.
მეათე მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატების გარდა ოპოზიციიდან 4 დეპუტატი შევიდა პატრიოტთა ალიანსიდან, მათ რამდენიმე დღის წინ ახალი პარტია “ევროპელი სოციალისტები” დააფუძნეს.