რუსი ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ 17 იანვარს მოსკოვში ბრუნდება. როგორც ნავალნი ამბობს, მიუხედავად მის წინააღმდეგ აღძრული საქმეებისა და მოსალოდნელი პატიმრობისა, იგი სამშობლოში მაინც დაბრუნდება. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, მან ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთები უკვე შეიძინა.
“მე გადავრჩი. ახლა კი პუტინი, რომელმაც ჩემი მკვლელობის ბრძანება გასცა, ბუნკერში ყვირის და თავის მსახურებს ეუბნება, ყველაფერი გააკეთონ, რომ არ დავბრუნდე. მოსამსახურეები ჩვეულებისამებრ იქცევიან: ისინი ჩემს წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს აწყობენ. მაგრამ რასაც ისინი იქ აკეთებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი ჩემი ქალაქია, მენატრები. ამიტომ, დღეს დილით ბილეთები ვიყიდე. 17 იანვარს, კვირას, სახლში ვბრუნდები გამარჯვების რეისით. ” – წერს რუსი ოპოზიციონერი.
ნავალნის წინააღმდეგ რუსეთში საქმეა აღძრული. რუსეთის პროკურატურა პოლიტიკოსს თანხის თაღლითურად მითვისებასა და დახარჯვაში ედავება. მანამდე რუსეთმა მას ულტიმატუმი წაუყენა სასწრაფოდ დაბრუნება და ციხე.
20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. 22 აგვისტოს კი სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნავალნი «ნოვიჩოკის» ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. თუმცა, კრემლი მოწამვლასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.