თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის განმარტებით, საახალწლოდ რეგულაციების მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო.
ინფექციონისტს შეზღუდვების თებერვლამდე გახანგრძლივება მიზანმიმართულად არ მიაჩნია.
“შეუძლებელია ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.”- წერს ბუწაშვილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. მანამდე, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება 18 იანვრიდან იგეგმებოდა. მთავრობაში განმარტავენ, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილ დროს ხელისუფლება ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციისა და “უსაფრთხო გახსნისთვის” მოსამზადებლად გამოიყენებს.