ვაქცინის სამართლიანად განაწილების შესაძლებლობა საფრთხის ქვეშაა -ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელების მხრივ, მდიდარი ქვეყნები უპირატესობას არასამართლიანად იღებენ.
ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის ინფორმაციით, მაღალი შემოსავლების მქონე 49 ქვეყანამ უკვე მიიღო 39 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა , მაშინ როცა ერთ-ერთ ღარიბ სახელმწიფოს მხოლოდ 25 დოზა შეხვდა.”არა 25 მილიონი არა 25 ათასი, არამედ მხოლოდ 25- აღნიშნა მან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმითვე კოვაქს პლატფორმის გვერდის ავლით შარშან 44 ასეთი შეთანხმება გაფორმდა, წელს კი 12.
”ამან შეიძლება შეაჩეროს COVAX მიწოდება და შექმნას ზუსტად ის სცენარი, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შეიქმნა ეს პლატფორმა. COVAX შეიქმნა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული , ქაოტური ბაზარი, არაკოორდინირებული რეაგირება და სოციალური და ეკონომიკური დარღვევები.” -თქვა მან.
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას „კოვაქსის“ მეშვეობით ელოდება. მთავრობის ინფორმაციით კოვაქს პლატფორმიდან საქართველო პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად საკმარის ვაქცინას 1.4 მილიონ დოზას მიიღებს. ამასთან, ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან.