საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 18 იანვარს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია- ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქეები 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.
“მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა. ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე, ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუს-ის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას.