2020 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15 %-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შედეგებით, ექსპორტი 12%-ით ნაკლებია. დოკუმენტის თანახმად, უფრო მეტად – 15.9%-ით შემცირდა უცხოური საქონლის იმპორტი.
ანგარიშის მიხედით, ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტის წილი წინა წელს 21.5 %-ს შეადგენდა, ექსპორტის კი 24 %-ს.
2020 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში პირველი ჩინეთია(14.3%), რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი(13.2%) და რუსეთი(13.2%). ათეულში არიან ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, შვეიცარია, ესპანეთი და აშშ.
საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველი თურქეთია(17.6%), შემდეგ რუსეთი(11.1%) და ჩინეთი(8.9%). ათეულში არიან აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, უკრაინა, იტალია და ბრაზილია.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმპორტის შემცირება პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრზე აისახა, 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის 9 დასახელების პროდუქციის იმპორტი შემცირებულია. მათ შორის თანხობრივად ყველაზე დიდი კლება მსუბუქი ავტომობილების მიმართულებითაა, სადაც შემცირება $348 მილიონს აღემატება.
2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).