1 თებერვლიდან რეგულარული ფრენების მიმართულებით არსებული შეზღუდვები მოიხსნება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ.
“ჩვენ მომავალ კვირას ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის, რადგან ეს ორი გარემოება ურთიერთკავშირშია” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის დაცვით, რაც მსოფლიოში აპრობირებულია.
რა აზრი აქვს ფრენების აღდგენას, როცა კურორტები დაკეტილია და ტრანსპორტი შეზღუდული? ჟურნალისტის შეკითხვას ნათია თურნავამ უპასუხა და თქვა, რომ “ამ პირობებშიც კი შევძლებთ, პირველ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს.
„გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში კვლავაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან პერიოდულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ცვლის სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებლობას მოგვცემს ინდუსტრიასთან ერთად, მოვემზადოთ აქტიური სეზონისთვის, ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება და ხელი შევუწყოთ ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ჩვენს ქვეყანაში.“ – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 2020 წლის 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან, ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სატვირთო, ჩარტერულ, სარეპატრიაციო, ჰუმანიტარულ, ტექნიკური დაჯდომის და საავიაციო სამუშაოების მიზნით განხორციელებულ ფრენებზე. 2020 წლის აგვისტოდან, დაიწყო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი. ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებით. ნოემბრიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები). გარდა ამისა, დაინიშნა ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ ავივის მიმართულებებით.
ტურიზმის სექტორი რეგულარული ფრენების აღდგენას მოითხოვდა, სანამ საქართველო მწვანე ქვეყნების ჩამონათვალში იყო. სფეროში ჩართული ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ რეგულარული ფრენების კოვიდ რეგულაციების დაცვით განხორციელება შესაძლებელი იყო და ამას ბიზნესისთვისაც ეკონომიკური სარგებელი ექნებოდა.