ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ჯავახეთის ყოფილ დეპუტატს, მმართველი პარტიიდან ენზელ მკოიანსა და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს, სამველ პეტროსიანს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები თითქმის 11 თვეა გამოუძიებელია და სასამართლო სხდომებიც შეჩერებულია.
როდის განახლდება სასამართლო მოსმენები? ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
სამველ პეტროსიანის ადვოკატი, დავით ძნელაძე გვეუბნება, რომ ბოლო სასამართლო სხდომაზე მათ კიდევ ერთი მტკიცებულება წარადგინეს და მას შემდეგ ყველა ჩანიშნული სხდომა გადაიდო.
“ამ ეტაპზე პროცესი გადადებულია და არ ვიცით როდის ჩანიშნავენ. ჩვენ ბოლო სხდომაზე კიდევ ერთი მტკიცებულება წარვადგინეთ და მას შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო სხდომები იდებოდა,” – გვითხრა ძნელაძემ.
იგივეს გვეუბნება მოსარჩლე მხარის ადვოკატი, ტარიელ მურვანიშვილიც: “წინასწარ არ ვიცით როდის ჩანიშნავენ, რამდენიმე დღით ადრე გვეცნობება ხოლმე.”
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 26 მარტს, ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის საფუძველზეც ყოფილ დეპუტატს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, სამველ პეტროსიანს და «ქართული ოცნების» დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ საპატიმრო მოგვიანებით გირაოთი დატოვეს.
შსს-ში ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალციხის პოლიციაში დაიბარეს
სიტყვიერი შეურაცხყოფა დეპუტატის სახლში გასროლის მიზეზი — მკოიანის ვერსია
«შეუძლია თქვას რომ კენედიც მე მოვკალი» — მკოიანი პეტროსიანის ადვოკატის საპასუხოდ
„ჩემს ძმის შვილს სათამაშო იარაღი ჰქონდა“ — ენზელ მკოიანი
შეიარაღებული მკოიანი — „ქართული ოცნების“ დეპუტატს გავრცელებული ვიდეოს კომენტირება არ სურს