ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ის ქვემოთ ჩამოვიდა, რაც გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას აძლევს შესაძლებლობას შეზღუდვები დაანონსებულზე ადრე შეამსუბუქოს.
მთავრობის გადაწყვეტილებით:
- 8 თებერვლიდან – საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.მათ შორის მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროტაქსები;
- 8 თებერვლიდან – ამოქმედდება ბაზრობები;
- 15 თებერვლიდან – სასკოლო ოთახებში განახლდება სასწავლო პროცესი;
- 15 თებერვლიდან – კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები მუშაობას შეძლებენ ღია სივრცეში.
გიორგი გახარიას განმარტებით, შემდგომი შემსუბუქება ერთი კვირის თავზე განიხილება. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
ასევე, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
„ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პირბადის ტარების დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ, ვერავინ, ვერაფერი უფრო ეფექტური, ვერ მოიგონა, ვიდრე არის პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია“, -ამბობს გიორგი გახარია.
პრემიერის განმარტებით, რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ ისარგებლებენ ბიზნესსუბიექტებიც.
“დაწესებული წესების მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებით და მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩვენი მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა.”- ამბობს გახარია.
ძალაში რჩება შეზღუდვა კომენდანტის საათზე, გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ შეზღუდული იქნება.
ასევე, კვლავ შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო გადაადგილება.