რუსეთში რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვლადმიერ პუტინის მხარდამჭერ ფლეშმობში მოტყუებით მიაღებინეს მონაწილეობა. – ინფორმაციას სტუდენტური გამოცემა Doxa ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტიმირიაზევის აკადემიის სტუდენტებს უთხრეს, რომ „ფლეშმობი“ რუსეთის დროშას ეძღვნებოდა, ხოლო მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში ღონისძიების თემად „ქვეყნის მხარდაჭერა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ დაასახელეს.
თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ როდესაც სტუდენტები გადაღებაზე მიიყვანეს, მათ სთხოვეს ხმამაღლა ეყვირათ სიტყვები: „ჩვენ გვყავს ერთი პრეზიდენტი, ერთად ჩვენ ყველას დავამარცხებთ! ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! პუტინი – ჩვენი პრეზიდენტია!“
meduza-ს თანახმად, მანამდე მსგავსი ვითარების წინაშე აღმოჩნდნენ ბელგოროდის ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის სტუდენტები. სტუდენტებს სთხოვეს რუსეთის დროშებით ეცეკვათ პატრიოტული ვიდეოს გადასაღებად. თუმცა, მოგვიანებით ეს ვიდეო ბელგოროდის რეგიონალური სათათბიროს დეპუტატმა ივან კონევმა და ბელგოროდის საკრებულოს დეპუტატმა ილია სალმინმა გამოაქვეყნეს, ვიდეოში, კი სიმღერის “შენთვის, სამშობლო” ფონზე ისმოდა ლოზუნგები “პუტინი არის ჩვენი პრეზიდენტი” და “ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი, ჩვენ შენთან ვართ”.
სტუდენტების თქმით, მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ და ვიდეო დამონტაჟებული იყო.