ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია გაჭირვებული ოჯახებისთვის 128 ტომარა ფქვილის შესყიდვისთვის ტენდერს 7 918 ლარზე აცხადებს. ინფორმაცია საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
რა პრინციპით ხდება ოჯახების შერჩევა და რამდენი ბენეფიციარისთვის იგეგმება ფქვილის დარიგება? კითხვებით ჩვენ ადიგენის მერიას დავუკავშირდით. მერი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ დახმარებას სოციალურად დაუცველ და კორონავირუსის გამო დაზარალებულ, გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგებენ. ბენეფიციართა ზუსტ ოდენობას ვერ აკონკრეტებს.
“კორონავირუსის გამო ვინც დაზარალდა და მკვეთრად გაჭირვებულია, ასევე სოციალურად დაუცველებს დავეხმარებით ფქვილით. ჯერ არ ვიცით რამდენ ბენეფიციარს გავწვდებით, ამას პროდუქტის შესყიდვის შემდეგ განვსაზღვრავთ,” – გვეუბნება ენდელაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოციალური პაკეტის – 883 და საარსებო შემწეობის მიმღები 2,658 ბენეფიციარია.