“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა”, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას.
როგორც ლომჯარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, აღნიშნულს აუცილებლად მოჰყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.
“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა …”, – წერს ლომჯარია.
შსს-მ დღეს დილით ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დააკავა. სპეცრაზმი ენმ-ის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე ლოკაციიდან, მათ შორის, სახურავიდან შევიდა. შსს-მ ენმ-ის ოფისში შესვლისას სავარაუდოდ, ცრემლსადენი საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სპეცოპერაციის დროს შენობაში ნიკა მელიასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები და ოპოცციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ავტორი: ნატალი ნემსაძე