“ჩნდება კითხვები რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა შსს-მ მელიას დაკავებისას” – საიას თავმჯდომარის შეფასებით ნიკა მელიას დაპატიმრებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ფორმით აღსრულება მიზანშეუწონელი იყო.
“ამ გადაწყვეტილების ამ ფორმით აღსრულება, რა თქმა უნდა, არ იყო მიზანშეწონილი, იმიტომ რომ გამოიწვევს შემდგომ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. კითხვები არის გადაწყვეტილების სამართლებრივ აღსრულებასთან დაკავშირებითაც, რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა ხელისუფლებამ მელიას დაკავებისას. ასეთ დროს სპეციალური საშუალებების გამოყენებას უნდა უძღვოდეს გაფრთხილება, რამდენად იყო ეს გაფრთხილება ამ სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით ამაზეც მოუწევს შსს დამატებითი განმარტებების გაკეთება”
ნიკა სიმონიშვილი არაპროპორციულად აფასებს ე.წ წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენებასაც.
მეორე საკითხია დახურულ სივრცეში შსს-ს მიერ ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენება, რადგან სპრეი გამოყენებული უნდა იყოს ისე რომ ადამიანებს შეეძლოთ ამ ზემოქმედების განცდისგან თავსი არიდება, ამიტომ ამ კუთხითაც პროპორციულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩნდება.”
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრის თანახმად, შსს-ს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას დასაკავებლად შტურმის პარალელურად ოფისის კომპიუტერული სერვერებიც წაიღეს.
ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პოლიტიკური პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩატარება და სერვერების წაღება სასამართლოს ნებართვითაა შესაძლებელი.
“სასამართლოს ნებართვის გარეშე პოლიციას არ აქვს უფლება შევიდეს და რაიმე ამოიღოს პოლიტიკური პარტიის ოფისიდან. თუ დადასტურდება, რომ პოლიციამ ეს ინფორმაცია სასამართლოს ნებართვის გარეშე გაიტანა, მაშინ საქმე გვაქვს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებასთან და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დანაშაულის სავარაუდო ნიშნებზეც. ” – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
ავტორი: ნატალი ნემსაძე