“ასე არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება” – ეკა ბესელიას თქმით, საბჭოთა არმიის დღეს, მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარებით, საქართველოს სახელმწიფოებრივად დიდი ზიანი მიადგა.
“ეს იყო სახელმწიფოებრივი უკუსვლა, მათ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველანი ვაფრთხილებდით” – ამბობს ეკა ბესელია.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის შეთავაზებულ მოლაპარაკებებს, ხელისუფლებამ არადემოკრატიული ნაბიჯით ნიკა მელიას დაკავებით უპასუხა.
როგორც ქართული ოცნების ყოფილი წვერი ამბობს ხელისუფლების მსგავსმა ნაბიჯებმა, ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო გააერთიანა.
“არასდროს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ბევრი წელი ვიბრძოდი მათი რეჟიმის შესაცვლელად, მაგრამ ახლა ნიკა მელიას სოლიდარობას ვუცხადებ.”
ნიკა მელია სამართალდამცავებმა დღეს დილით ენმ-ის ოფისში დააკავა. სპეცრაზმი ენმ-ის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე ლოკაციიდან, მათ შორის, სახურავიდან შევიდა. შსს-მ ენმ-ის ოფისში შესვლისას სავარაუდოდ, ცრემლსადენი საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ნიკა მელია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლითაა ბრალდებული.
ავტორი: ნატალია ნემსაძე