რამ გამოიწვია ახალციხის კორპუსში აფეთქება – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა

April 12, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

“კორპუსის გარეთ დაზიანებული გაზის მილის გამო მოხდა გაჟონვა. ბუნებრივი აირი, კორპუსის კედელში ხვრელის საშუალებით სარდაფში შევიდა და წყალსაქაჩი პომპის ჩართვის შემდეგ აფეთქდა.” – ეს დასკვნა არის სამხარაულის ბიუროს ოფიციალური ვერსია,  ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 2020 წლის ბოლოს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში, რომელიც ჩვენმა რედაქციამ გამოითხოვა აღნიშნულია, რომ აფეთქების გავრცელებას ხელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული რესტორანის გარე ვიტრაჟებმა შეუშალა.

“გადამწყვეტი როლი ითამაშა შენობის პირველ სართულზე არსებულმა ვიტრაჟებმა(რესტორანი “იმერეთის” გარე ფასადი), რადგან ის იყო სუსტი ადგილი რა მიმართულებითაც გაიშალა აფეთქების ტალღა, რის გამოც მოხდა დამანგრეველი ძალის დასუსტება და არ მიეცა ზემოთ გავრცელების საშუალება.”

ნახეთ: რა ვიცით ახალი კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ

რესტორანი “იმერეთის” მფლობელი, ბექა ტაბიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაგზავნილია გაზის მილი ექსპერტიზაზე. დასკვნის მიღების შემდეგ მოითხოვს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ზარალის ანაზღაურებას.

“გაზის მილი, საიდანაც სავარაუდოდ მოხდა აფეთქება გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. როგორც კი მოვა დასკვნა და გამოიკვეთება ბრალეულობა მოვითხოვ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ზარალის ანაზღაურებას,” – გვითხრა ტაბიძემ.

ახალციხეში 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 2020 წლის ბოლოს მოხდა. მას შემდეგ მისი მცხოვრებლები საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. დაზარალებულებს, რომელთაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ ჰქონდათ ახალციხის მერიამ ნაქირავებ ფართში  გადაიყვანა. 

რა უჯდება ახალციხის მერიას,  აფეთქების გამო მოსახლეობის ალტერნატიულ ფართში დაბინავება? ჩვენ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 01 იანვრიდან – 01 აპრილამდე ქირის თანხამ 6 500 ლარზე მეტი შეადგინა. თანხაში შესულია სასტუმროს ხარჯებიც, სადაც ოჯახები რამდნიმე დღე იმყოფებოდნენ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, ისინი მხოლოდ საცხოვრებელი ბინის ქირას იხდიან. რაც შეეხება თვეებს შორის თანხის დისბალანსს უწყებაში ამბობენ, რომ “ზოგი ოჯახი გვიან შევიდა, ზოგი – ადრე და ამან გამოიწვია თვეებს შორის სხვაობა.”

კორპუსის რეაბილიტაცია

როგორც სამხარაულის დასკვნაში ვკითხულობთ შესაძლებელია აფეთქებული კორპუსის რეაბილიტაცია და ხალხის შესახლება, იმ შემთხვევაში თუ: 

1. შენობას ჩაუტარდება დროებითი გამაგრებითი სამუშაოები, რათა რეაბილიტაცისას ვიბრაციებმა შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს.

2. ჩატარდება გაწმენდითი სამუშაოები და გასუფთავდება სარდაფი, სადაც აფეთქების წერტილია.

3. ჩატარდება წინასაპროექტო დეტალური კვლევა კონსტრუქციული ელემენტების(ბზარების, დეფორმაციების და ა.შ) ფიზიკური მდგომარეობის შესასწავლად და დაზიანების აღმოსაჩენად. 

4. კვლევებიდან გამომდინარე დაიწყება კორპუსის აღდგენა-გაძლიერების პროექტის დამუშავება

სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ზემოთაღნიშნული ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ შესაძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, მანამდე კი რეკომენდირებული არ არის კორპუსში მაცხოვრებლები შესახლდნენ.

როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და რა თანხა დაიხარჯება ამისთვის? ახალციხის მერიაში ამ დროისთვის უცნობია სამუშაოების დაწყების დროც და ბიუჯეტიც.

გაზკომპანია “ინტერგაზი”

გაზკომპანია “ინტერგაზია” ის პროვაიდერი, რომელიც ახალციხეს გაზით ამარაგებს. როგორც დირექტორი, ვასილ აბულაძე ამბობს, სამხარაულის დასკვნას ჯერ კიდევ არ გაცნობია და ამბობს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ  მიმდინარეობს და მას შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

შსს

შსს-ში გამოძიება ელექტრო — ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-10 წლამდე, ან სამი წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

ჟურნალისტი: – რა ეტაპზეა გამოძიება? 
შსს:  – “გამოძიება მიმდიანრეობს.”