facebook: Toktv.ge
ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესი საბოლოდ შეჩერდა. მუნიციპალიტეტიდან 290 დოზა ვაქცინა გაიტანეს, დარჩა – 10 – ინფორმაციას გვიდასტურებს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ავეტიკ ტონაკანიანი.
მისივე თქმით, 10 ვაქცინა “ყოველი შემთხვევისთვის” დაიტოვეს. “კი უნდათ 6 პირს ვაქცინაცია, მაგრამ მეტი მსურველი არ არის, შესაბამისად ვერ ვხსნით ამპულას.”
რაც შეეხება კლინიკა “იმედს”, მენეჯერი მზია კაკოშვილი ამბობს, რომ მათი კლინიკიდან ვაქცინა 8 აპრილს გაიტანეს. თუმცა მეორე დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით დაევალათ ვაქცინაციის ოთახის მოწყობა.
“გაიტანეს ვაქცინა ჩვენი კლინიკიდან, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა კლინიკას დაევალა ვაქცინაციის ოთახების მოწყობა. ჩვენ მოწყობილი გვაქვს და როგორც კი გვექნება შესაძლებლობა და ვაქცინას შემოიტანენ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს,” – გვითხრა მენეჯერმა.
ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ ახალციხეში, კლინიკა “ევექსში”. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია შეჩერდა, პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობის არ ქონის გამო.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში 1 400 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა 15 მარტს შემოვიდა, თუმცა ამ დრომდე აცრილია კლინიკა იმედის 20 თანამშრომელი და ბორჯომის კლინიკის 6 თანამშრომელი.