ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში მერიებისა და საკრებულოების 144 თანამშრომლიდან თითქმის მესამედს დეკლარაციაში ხარვეზები აღმოაჩნდათ – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 144 შესწავლილი ქონებრივი დეკლარაციიდან 49-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა. ასევე გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოავლინა თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები, როლებიც ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.
რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს: ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ შეისწავლა 24 თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომელთაგან 7-ში დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეს, თამაზ ძაძამიას დეკლარაცაიაში არ მიუთითებია ის, რომ იგი შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო N2“-ის 100% წილის მფლობელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, რადგან ძაძამიას წილი სამართავად სხვისთვის უნდა გადაეცა. თამაზ ძაძამიას დეკლარაციაში ასევე არ უწერია, რომ შვილი, ინდივიდუალური მეწარმეა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კომპანია სამართავად უკვე გადაცემული აქვს სხვა პირისთვის. საჯარო კომენტარზე უარი გვითხრა და შემოგვთავაზა წერილობით მიგვემართა.
ასევე, ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარეს, სიმონ პარუნაშვილს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ 2017 წლის მაისში დაფუძნებული, შპს „დოლისპურის“ დირექტორი და 40% წილის მფლობელია.
სიმონ პარუნაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კომპანია დაარსების თანავე უმოქმედოა და არ ფუნქციონირებს.
“გეგმა გვქონდა, უნდა აგვემუშავებინა კომპანია, მაგრამ აღარ ავამუშავეთ. ამიტომ უმოქმედოა და არ ფუნქციონირებს,” – ამბობს პარუნაშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხის თვითმმართველობაში არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა 22 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელთაგან დარღვევები 10 მათგანში აღმოჩნდა.
ერთ-ერთია ახალციხის მერის მოადგილე, ალექსი ზედგინიძე, რომელსაც 2020 წლის დეკლარაციაში არ უწერია, რომ იგი ააიპ “ჭულე” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
კვლევის თანახმად ააიპმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გამოცხადებულ ხუთ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და ოთხი უკონკურენტოდ მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 200 ატას ლარამდე თანხა მიიღო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში ვკითხულობთ, რომ ასევე ზედგინიძეს დედა შპს “სტომატოლოგის” 3%-ს ფლობს, ძმა ახალციხის მერის და მისი ცოლის ძმის კომპანიებში შპს „მელიზასა“ და შპს „მესხეთი XXI-ში“ საქმის მწარმოებლის პოზიციაზეა დასაქმებული. თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში არც ეს ინფორმაცია აქვს მითითებული.
ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დავკავშირებოდით ალექსი ზედგინიძეს, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით 24 თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 9-მ შეავსო. ერთ-ერთია თავად ასპინძის მერი, როსტომ მაგლაქველიძე, რომელსაც მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ იგი კოოპერატივ „ცეკავშირის“ დირექტორია.
მერი, როსტომ მაგლაქველიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კოოპერატივს 2006 წლის შემდეგ აღარ მართავს და ახლა დირექტორის მოვალეობას ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი ასრულებს.
“მე მაგ ორგანიზაციას აღარ ვმართავ 2006 წლიდან. ახლა დირექტორის მოვალეობას მთავარი ბუღალტერი ასრულებს,” – გვითხრა მაგლაქველიძემ.
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს. ნინოწმინდაში 22 თანამდებობის პირის შევსებული დეკლარაციებიდან არასამთავრობო ორგანიზაციამ ხარვეზები 5-ში გამოავლინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეისწავლეს 24 დეკლარაცია, რომელთაგან ხარვეზები 7-ში გამოვლინდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი – 28 თანამდებობის პირიდან 11-ს დეკლარაციაში სხვადასხვა დარღვევა აქვს.
ამავე თემაზე: ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში — TI