ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის აქცია, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო გადაიდო. სანაცვლოდ ახალციხელები ხეობის მცველებს ონლაინ გაამხნევებენ. კერძოდ იგეგმება ონლაინ კამპანია, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები წარწერით “სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს” გადაიღებენ ფოტოს და გაავრცელებენ სოციალურ ქსელში.
აქციის ორგანიზატორი თაკო გუგუნავა ამბობს, რომ ამ ჟესტით ახალციხელები სოლიდარობას გამოუცხადებენ აქტივისტებს. ასევე გუგუნავა გვეუბნება, რომ შეკრების გადადების მიზეზი კორონავირუსის პანდემია და გუშინდელი მოლაპარაკებებია, რომელიც აქტივისტებს და სახელმწიფო მოხელეებს შორის შედგა.
“ძირითადი მიზეზი კოვიდია, არ მინდა ეს შეკრება გახდეს კოვიდის აფეთქების მიზეზი. თან ხელიც არ გვინდა შევუშალოთ მოლაპარაკებების მსვლელობას, ” – ამბობს გუგუნავა.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში, “ნამახვანი ჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია უკვე 170 დღეზე მეტია გრძელდება.