ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები პირი, რომელსაც “აიძულებდნენ ქურდობა დაებრალებინა და საკუთარი საფლავი გაეთხარა” სასამართლომ დაზარალებულად სცნო. ამავე საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავეს. მათ 9-9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ სცნო,” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ში გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) მიმდინარეობდა.