ახალციხეში, ურაველის ხეობაში საავტომობილო გზის მიმდებარედ კლდიდან ნაშალი პერიოდულად სავალ ნაწილზე იყრება. ოფიციალური ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში კლდე 3-ჯერ ჩამოიშალა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს, მეტიც «საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ» 150 -მდე ადგილობრივის ხელმოწერაც შეაგროვა და 2019 წელს მერიას მიმართა პრევენციული საფუძვლიანი ღონისძიებების გამართვის მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე უწყების მხრიდან რეაგირება მხოლოდ ჩამოშლის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოებით და კლდის ქვებისგან გაწმენდით შემოიფარგლება.
რა თანხა უჯდება ახალციხის მერიას კლდის გაწმენდითი სამუშაოები და იგეგმება თუ არა ლოკაციაზე პრევენციული ხასიათის საფუძვლიანი სამუშაობის განხორციელება? კითხვები, რომელზე პასუხიც ახალციხის მერიას არ აქვს.
საკითხზე ჩვენ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. დადგენილი ვადის დარღვევის შემდეგ მიღებულ საჯარო ინფორმაციაში არც კონკრეტული თანხა და არც გამაგრებითი სამუშაოების შესრულების დროა მითითებული.
წერილში ვკითხულობთ რომ: «ურავლის ხეობაში ეტაპობრივად მიმდინარეობს გზის პირა ფერდობების ჩამოწმენდა ნაშალი ქანებისგან და ლოდებისგან. ასევე გაცნობებთ, რომ 2021 წლის იანვარში დასრულდა აღნიშნული სამუშაოები, უახლოეს დღეებში კი კვლავ იგეგმება ფერდობებიდან ნაშალი ქანების ჩამოწმენდა მეკლდეურების დახმარებით.»
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე აღნიშნული ლოკაციიდან კლდის ნაშალი 10 დღის განმავლობაში ორჯერ ჩამოიშალა. ორჯერვე გადაადგილებისთვის აქტიურ დროს.
ამავე თემაზე: «ერთხელ ამ გზის გაწმენდა ჭრის თუ არა საბოლოოდ პრობლემას?» — TI ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობების გაწმენდაზე