დღეს, 6 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან კიდევ 5 არასრულწლოვანი გაიყვანეს. ამ დროისთვის პანსიონატიდან 11 არასრულწლოვანია გაყვანილი , რომელთაგან 1 შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირია, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია «პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის» მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ.
ზემოთაღნიშნულის გასაჩივრებას აპირებს საქართველოს საპატრიარქო.