ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანი გაყვანეს, რომელთაგან 7 შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირია, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.
“სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე 3 დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობენ. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პანსიონატიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის: ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია «პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის» მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ.
ზემოთაღნიშნულის გასაჩივრებას აპირებს საქართველოს საპატრიარქო.