ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ნინოწმინდის ცენტრალური პარკის 3 ათასამდე კვ.მეტრი მიწის ფართობი ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წერს.
კვლევა: ნინოწმინდის ცენტრალური პარკი ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირებისთვის — TI
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს დეპუტატები, მერის წარმომადგენლები და ჯახის წევრები. აქვე ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია აღნიშნული საკითხით დაინტერესდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და კიდევ 2 პირი ქრთამის აღების და ყალბი ცნობების გაცემის ბრალდებით დააკავა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ ზემოთ დასახელებულ პირებს მივმართეთ. ყოფილი გამგებელი დილიდან ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2013 წლის თებერვალში არასასოფლო-სამეურნეო 100 კვ.მ. ფართობი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, გაგიკ კარსლიანის დედამ გაიფორმა. ორგანიზაციის ცნობით, კარსლიანი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 2014-2018 წლებში შევსებულ ყველა დეკლარაციაში არ ასახავდა.
კვლევის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 2015 წლის ნოემბერიდან, ნინოწმინდის პარკში 100 კვ.მ. სახნავ-სათესი ფართობი აქვს რეგისტრირებული. ქალაქის პარკში 1 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობენ, ნინოწმინდაში მერის წარმომადგენლის ძმა, დედა და მამა.
მერის წარმომადგენელმა ხორენ მღდესიანმა ვერ გაიხსენა მის ოჯახის წევრების მიერ მიწების დაკანონების ფაქტი და გვითხრა, რომ საგამოძიებო უწყებები გაარკვევენ.
“არ ვიცი, არ მახსოვს ეგეთი შემთხვევა. საგამოძიებო უწყებები გაარკვევენ თუ რამე დარღვევაა.”
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მან ჩვენთან საუბარი და კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ამავე კვლევის თანახმად, პარკში 250 კვ.მ-ს „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის, შპს „მეეკთან” დაკავშირებული პირი ფლობს.
“ნინოწმინდის პარკში, რომლის საერთო ფართობიც, დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრია, ნინოწმინდის მერიას რეგისტრირებული 16 907 კვ.მ ფართობი აქვს, დანარჩენი კი კერძო მესაკუთრეებზე არის დანაწევრებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, შეისწავლოს ნინოწმინდის პარკში პრივატიზებული მიწების საკითხი და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.”