მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“დღეს, სენაკში გაიხსნება, ხოლო 6 აგვისტოს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება. საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ამერიკული ტექნიკა და ვერტმფრენები, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა Agile Spirit 2021-ში იქნება ჩართული,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წვრთნების მიზანია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება.
უწყების ინფორმაციით, წვრთნაში 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.
სამხედრო წვრთნები მიმდინარე წლის, 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 15 პარტნიორი ქვეყანა საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, ესპანეთი, კანადა, იტალია და ლიეტუვა მიიღებს.