საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენიდან, რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, “საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა,”- თარიღს სპეციალური განცხადებით შერიგების მინისტრი თეა ახვლედიანი ეხმიანება.
აქვე ვკითხულობთ, რომ
“განვლილი წლების მანძილზე, რუსეთს არ შეუწყვეტია და კვლავაც განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას, რითაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას, რაც გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით და სხვა უკანონო ქმედებებით.”
დღემდე დე-ფაქტო მთავრობის
უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე – ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი. “დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასს ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.”
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, და შესაბამისად დააკისრა მას სრული პასუხისმგებლობა მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე.