სამცხე-ჯავახეთი ვაქცინაციის პროცესის აქტიურობით ბოლოს წინა ადგილზეა – NCDC

August 11, 2021

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად 5 309 ადამიანია აცრილი. საქართველოს რეგიონებს შორის სამცხე-ჯავახეთი ვაქცინაციის პროცესის აქტიურობით ბოლოს წინა ადგილზეა. 

ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, დღეს ახალციხეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ორგანიზატორი UNICEF საქართველოა.

ეპიდემიოლოგების თქმით, აუცილებელია ვაქცინა გაიკეთოს ყველა სკოლის თუ უნივერსიტეტის თანამშრომელმა, რათა არ მოხდეს მძიმე პანდემიური ფონის უფრო დამძიმება. დღესვე შეხვედრის ფარგლებში ვაქცინა გაიკეთეს მასწავლებლებმა.