არის კავშირი ვაქცინაციას და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვას შორის ? #ახალციხე

August 13, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მთავრობის ახალი რეგულაციების მიხედვით, ხვალიდან სამი კვირის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

სამცხე-ჯავახეთი კორონავირუსზე ვაქცინაციის აქტივობის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში ბოლოდან მეორე ადგილზეა.

რა კავშირია ამ ორ ინფორმაციას შორის? და რამდენად ჰპოვებს ასახვას მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ვაქცინაციის პროცესზე.

ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია რეფერალურ ჰოსპიტალში და კლინიკა “იმედში”. აღნიშნული კლინიკები კი ქალაქის ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, მოსახლეობა აქ მისასვლელად ხშირად შიდა საქალაქო ტრანსპორტს იყენებს.  

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის ფონზე, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ვაქცინაციის პროცესზე უარყოფითად აისახება.

გამოკითხვა

რაც შეეხება ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს იგი კავშირს ვაქცინაციის პროცესსა და მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერებას შორის ვერ ხედავს და ამბობს, რომ თუ საჭიროება შეიქმნება და მოსახლეობა მათ დახმარებისთვის მიმართავს ტრანსპორტითაც უზრუნველყოფენ.  

“რა კავშირია ვაქცინაციასა და ტრანსპორტის შეზღუდვას შორის? რატომ უნდა აისახოს? ნებისმიერი ტრანსპორტით შეიძლება ვაქცინის გაკეთება. იგეგმება სხვადასხვა ადგილებზე ვაქცინაციის პუნქტების გახსნა. საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, თუ ვინმეს ენდომება ტრანსპორტი და დაგვიკავშირდებიან უზრუნველვყოფთ,” – გვითხრა მერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან 14 აგვისტოდან 04 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. აქვე გეტყვით, რომ დღეს NCDC-ის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 102 შემთხვევა დაფიქსირდა.  ამავე წყაროს ინფორმაციით, რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. 8 აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში სრული დოზით აცრილია 5 309 პირი, ხოლო ერთი დოზით — 14 965.