ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“ქართულმა ოცნებამ” ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შეწირულობის სახით 700 ათას ლარზე მეტი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნულში სავარაუდო ზეწოლის და დაშინების ნიშნებს ხედავენ სამოქალაქო სექტორში.
ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აუდიტის მონიტორინგის პლატფორმაზე პარტიისთვის გადარიცხული ყველაზე მეტი თანხა 60 ათასი ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე ცოტა 1 000 ლარს. სულ, ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთიდან ორი კვირის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა შესწირა თანხა, რომელთაგან უმეტესი მათგანი ბიზნეს საქმიანობაშია ჩართული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე თვლის, რომ შეწირულობებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან შესაძლოა დანაშაულთან გვქონდეს საქმე. ამასთან უჩიძის თქმით, საინტერესოა და აუცილებლად უნდა მოიკვლიონ შემწირველებმა ნამდვილად საკუთარი თანხა გადარიცხეს თუ სხვის მიერ მიცემული ე.წ. შავი ფული.
“ოცნების” შემწირველებს შორის 39 პირი ახალციხის მუნიციპალიტეტიდანაა, 20-ნინოწმინდიდან, 15- ახალქალაქიდან, 7-ადიგენიდან, 4-ბორჯომიდან, 2-ასპინძიდან. რაც შეეხება იურიდიულ პირებს 3- ნინოწმინდიდან, 2 – ბორჯომიდან.