თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხის მერობის კანდიდატების სიას “ლელოს” წარმომადგენელიც შეემატა. პარტიის სახელით მერობისთვის მანუჩარ ჩაჩანიძე იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჩაჩანიძე გვიდასტურებს.
“ოფიციალურად ალბათ თვის ბოლოს წარმადგენენ, სექტემბრის პირველ რიცხვებში გახდება ცნობილი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების ვინაობაც. აი მას შემდეგ ვისაუბრებთ პროგრამაზე და გეგმებზე.”
მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები შერჩეული ჰყავთ პარტია “თავისუფალ საქართველოშიც”. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ უახლოეს მომავალში მათ ამომრჩეველს გააცნობენ.
რაც შეეხება გახარიას ახლად დაარსებულ პარტიას “საქართველოსთვის”, ამბობენ, რომ მერობის კანდიდატების დაყენებას სამცხე-ჯავახეთშიც გეგმავენ, მაგრამ როდის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა “ქართულმა ოცნებამ” და ენმ-მ. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს” პარტიამ მერობის კანდიდატები ახალციხეში და ახალქალაქში წარადგინა, ხოლო ასპინძაში ისინი ენმ-ს კანდიდატს დაუჭერენ მხარს.