ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
თუ სავარაუდოდ მიყურადების შედეგად მიღებული და გავრცელებული ფაილების ავთენტურობა დამტკიცდება, მაშინ ოფიციალურად დადასტურდება ცნობებიც ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი არაერთი მოვლენის შესახებ. მათ შორის ისიც, რომ მეუფე სპირიდონმა რუსეთის კრიტიკის გამო მასწავლებელს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
2019 წლით დათარიღებული ჩანაწერის მიხედვით, პანსიონის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, სპირიდონ აბულაძემ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელს რუსეთის კრიტიკის გამო უსაყვედურა.
ფაილში ვკითხულობთ, რომ ნინოწმინდის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა პანსიონის აღსაზრდელებს რუსეთის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც პანსიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სპირიდონ აბულაძემ მასწავლებელს ბოდიშის მოხდა მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვების სკოლიდან გაყვანით დაემუქრა, რის შედეგადაც ქართული სკოლა დაიხურებოდა.
“შეხვედრისას მეუფე სპირიდონმა განუცხადა, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არიან ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, ნეგატიურად არიან განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ და აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. მეუფე სპირიდონმა ყოველივე აღნიშნულში დაადანაშაულა ხსენებული კლასის დამრიგებელი და განაცხადა, რომ იგი მისულიყო მასთან რეზიდენციაში და აღნიშნული პროპაგანდის გამო პირადად მოეხადა ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი (მეუფე სპირიდონი) ბავშვთა სახლის მოზარდებს აუკრძალავს სკოლაში სიარულს, რასაც მოჰყვება ქართული სკოლის დახურვა,” – ვკითხულობთ ჩანაწერებში.
სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევა ნინოწმინდის პანსიონში — #ფაილები
ჰქონდათ თუ არა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში? ხელმძღვანელის, დავით ზედგენიძის თქმით, მას მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და აქვე დასძენს, რომ ნინოწმინდის პანსიონის “დაშლა” ჩვენი, ჟურნალისტების ბრალია.
“ეროვნულ ღირებულებებს ძირს უთხრით, პანსიონი რომ დაიხურა და ნინოწმინდაში რამდენიმე ქართველი რომ დარჩა თქვენი ბრალია.”
აქვე გეტყვით, რომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის შესახებ ომბუდსმენი რამდენიმე წელია წერდა. უწყებას დაწესებულებაში შესვლაც შეზღუდული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც საკითხით მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი შეიცვალა და რამდენიმე აღსაზრდელმა დაწესებულება საკუთარი სურვილით დატოვა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, დაწყებულია გამოძიება, მათ შორის სექსუალური შევიწროვების მიმართულებით.
4 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის სავარაუდო გაუპატიურება — ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატ(ში)თან
რაც შეეხება ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორს, ლელა ხითარიშვილს, იგი ჩვენთან საუბარში უარყოფს მსგავს შემთხვევას და გვეუბნება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციას არ გვიდასტურებს არც აღნიშნული სკოლის სასწავლო ნაწილის წარმომადგენელი თეონა ლომიტაშვილი, რომელიც ჩანაწერების მიხედვით ის პირია, ვინც მიტროპოლიტმა დაიბარა.
რაც შეეხება უშუალოდ იმ მასწავლებელს, რომელიც ჩანაწერების მიხედვით პანსიონის აღსაზრდელებთან რუსეთს კრიტიკულად მოიხსენიებს, მასთან რამდენიმე დღეა დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი არც ჩვენ ზარებს ადა არც შეტყობინებებს პასუხობს.
ამავე ფაილებში აღწერილია აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის შემთხვევების ფაქტებიც, რომელთა ნაწილზე მოკვლევაც კი იყო დაწყებული. გავრცელებული ჩანაწერების ნაწილი ასახავს აღმზრდელების მიმართ დირექციის დამოკიდებულებას.