“არჩევანი ძალიან ადვილი იყო ” – გაერთიანებული ოპოზიციის თბილისი მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, ქვეყანას კოალიციური მმართველობა სჭირდება.
“ვფიქრობ, რომ ქვეყანას განვითარების ახალი მძლავრი იმპულსი სჭირდება. სჭირდება ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელდეს. მათ პირობებში რაც არ უნდა ნიჭიერები ვიყოთ, გასაქანი ადამიანს ახალგაზრდა იქნება თუ ჭარმაგი, უბრალოდ არ აქვს. ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი, ჩვენი მეშვეობით და უნდა ჩავდოთ წილი ამ ქვეყნის განვითარებაში. ნუ ჩათვლით, რომ ამ არჩევნებში პოლიტიკოსები იმარჯვებენ და გამარჯვებულები პოლიტიკური პარტიები იქნებიან. ეს ის არჩევნებია, ის კენჭისყრაა, სადაც ყველას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ არა მათი თანამონაწილეობა, არჩევნებში გამარჯვება იქნებოდა შეუძლებელი. აქ არ ვართ მოსული არა იმისთვის, რომ ვიღაც დავამარცხოთ, აქ ვართ იმისთვის რომ გავიმარჯვოთ“, – თქვა ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
დღეს 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.