ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება, ამომრჩეველთა მობილიზება 100-მეტრის დისტანციის დარღვევით – დარღვევები, გუშინ კენჭისყრის დღეს, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ,” და “მრავალეროვანმა საქართველომ” გამოავლინეს, თუმცა მათგან საჩივარი არცერთზე დაწერილა.
“მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლის, დარეჯან გიორბელიძეს თქმით, რეგიონის მასშტაბით მათმა დამკვირვებლებმა არაერთი დარღვევა გამოავლინეს, თუმცა საჩივარი არცერთ საარჩევნო უბანზე დაწერილა.
ამასთან გიორბელიძე გვეუბნება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაწერილი მათი ორი სარჩელი ( «მრავალეროვანი საქართველო» ახალციხის ორი ააიპ-ის ხელმძღვანელს საოლქოში უჩივის ) არც ოლქში და არც სასამართლოში დააკმაყოფილეს.
“საჩივარი გვქონდა დაწერილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობაზე. კერძოდ, ერთ-ერთმა ააიპ-ის წარმომადგენელმა სამუშაო პერიოდში, ააიპ–ების კუთვნილებაში არსებული ტექნიკის გამოყენების გზით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა. საოლქომაც და სასამართლომაც განაცხადეს, რომ ვერ ადგენენ ზუსტ IP მისამართს და შესაბამისად ვერ ადასტურებდნენ ნამდვილად სამსახურეობრივი ტექნიკით ეწეოდნენ თუ არა პირები აგიტაციას,” – გვითხრა გიორბელიძემ.
საჩივრები არ დაუწერია არც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”. რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე გვეუბნება, რომ მათმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს 100 მეტრიანი დისტანციის დარღვევის და საკრებულოს წევრის, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით არჩევნებზე დაკვირვების შემთხვევის ფაქტები.
“ჩვენ რამდენიმე უბანზე 100 მეტრიანი დისტანციის დარღვევის ფაქტები გამოვავლინეთ. კერძოდ რამდენიმე პირი სავარაუდოდ მოსახლეობას აღრიცხავდა, რა დროსაც ჩვენ გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და პირები ადგილიდან გაიყვანეს, სწორედ ამის გამო საჩივარი აღარ დაგვიწერია. ამასთან მე პირადად გამოვავლინე დარღვევა, როცა საკრებულოს დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით იყო დამკვირვებელი, რაც არ შეიძლება,”– გვეუბნება უჩიძე.
ახალციხის N37-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, შევიდა მხოლოდ ერთი საჩივარი. გავაშელის თქმით, ახალციხეში მეორე ტური არ გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მმართველი პარტია ლიდერობს.