დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღეა. ოფიციალური მონაცემებით, 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ერთი სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცოხლე ემსხვერპლა. მომხდარზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
გლოვის დღესთან დაკავშირებით დამზადებული საინფორმაციო ინტერნეტ ბანერები განთავსდა დღეს სამთავრობო თუ მუნიციპალიტეტების გვერდებზე. პლატფორმა “Droa.ge”-მ დააფიქსირა, რომ მთავრობის მიერ შექმნილი პოსტერები მუნიციპალიტეტებმა ავტომატიურად გადმოაკოპირეს, ისე რომ პირველწყაროზე თარიღში არსებული შეცდომა ვერ შენიშნეს. საქმე იმაშია, რომ პოსტერზე გლოვის დღედ 11/21 ანუ ნოემბრის თვეა მითითებული.
ავტომატურ გადმომზიარებელთა შორისაა ახალაციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოც. აქ გვეუბნებიან, რომ ფოტო მათ მთავრობის გვერდიდან საკუთარი ნებით აიღეს და შეცდომა არის თუ არა “მოიკითხავენ”.
ახალციხის მსგავსად მთავრობის ხარვეზიან პოსტერს ბათუმის , გარდაბნის , დედოფლისწყაროს და სხვა მუნიციპალიტეტების მერიის გვერდებზეც შეხვდებით.
თუმცა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში გამონაკლისებიც არის. მაგალითად, ასპინძის მერიამ გლოვის დღესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით ადგილობრივ ეკლესიაში პატივი მიაგო გარდაცვლილებს და სოციალურ ქსელში სწორედ ამ ღონისძიების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
რაც შეეხება ახალქალაქს, აქ გლოვის დღესთან დაკავშირებით საკუთარი პოსტერი შექმნეს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, თუმცა დატანილი თარიღი არა 11, არამედ 8 ოქტომბერია.
გარდა თარიღთან დაკავშირებული შესაძლო ტექნიკური შეცდომისა, ექსპერტები სხვა პრობლემაზე მიუთითებენ. დროა ჯის მიხედვით, ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მართვის ცენტრალიზებულ მიდგომებს ცენტრალური მთავრობიდან სულ ბოლო მუნიციპალიტეტამდე, მათ შორის, სოციალური ქსელების მართვის თვალსაზრისითაც.